სერგი კაპანაძე - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, კლანისა და ოლიგარქის კონტროლის ქვეშ მოაქციოს სასამართლო 
სერგი კაპანაძე - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, კლანისა და ოლიგარქის კონტროლის ქვეშ მოაქციოს სასამართლო 

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანაა, სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქისა და კლანის კონტროლის ქვეშ და ამ ნაბიჯების გადადგმის დროს ისინი არაფრად აგდებენ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიას უსმენენ, არც ელჩებს, არც ევროპარლამენტარებს და არც ამერიკის კონგრესს. სწორედ ამიტომაა მათ შორის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი კრიტიკა მოდის საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და შეიცვლება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი კოალიციური მთავრობა, რომლის ცენტრში იქნება ევროპული საქართველო, დაიწყებს სასამართლო რეფორმებს. სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება ასეთი ტიპის მოსამართლეებისგან სასამართლოს გაწმენდა, თუმცა სასამართლოს გაწმენდა არა ისე, რომ ვიღაც ახალმა თავისი მორჩილი დანიშნოს, არამედ ისე, რომ დიდი საქმეების ნაწილი გადავიდეს ნაფიც მსაჯულებზე, ხოლო ზედა ინსტანციის სასამართლოებში გაჩნდნენ უცხოელი მოსამართლეები, რომ არავის წაუცდეს ხელი, თავისი მორჩილი მოსამართლე დანიშნოს მომავალში სასამართლოში.

ეს პირველად არ მომხდარა, „ქართული ოცნების“, ამ შემთხვევაში, გზავნილი როგორც საზოგადოებისთვის, ისე დასავლელი პარტნიორებისათვის არის, რომ მათთვის მთავარი არის, რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი და არა ის, რას იტყვიან ჩვენი მეგობრები და რაზე ფიქრობს ხალხი. ამ ყველაფერს ძალიან მალე უნდა დაესვას წერტილი. ასე თუ გავაგრძელეთ, მარტო ამ ჭაობში კი არ ჩაიხრჩობა მთელი ქვეყანა, არამედ ასევე სრულ იზოლაციაში მოვხვდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.