სერგი კაპანაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემა არ იყო, მედიაგარემო შეიძლება, უკეთესი ყოფილიყო
სერგი კაპანაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემა არ იყო, მედიაგარემო შეიძლება, უკეთესი ყოფილიყო

როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის „ევროპული საქართველოს წარმომადგენლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემა არ იყო, პრობლემა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უკეთესი შეიძლება, ყოფილიყო მედიაგარემო, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია „იმედი“ უნდა დაიხუროს.

კაპანაძის თქმით, ყველაზე აღვირახსნილ, საბჭოურ პროპაგანდსიტულ ტელეკომპანიასაც კი აქვს არსებობის უფლება დემოკრატიულ ქვეყანაში.

„ჩვენ, „ევროპულ საქართველოში“ მიგვაჩნია, რომ არსებობის უფლება აქვს მათ შორის ყველაზე აღვირახსნილი პროპაგანდის წარმომადგენელ მედიასაშუალებებს. აღვირახსნილში იგულისხმება, როდესაც პირდაპირ სამთავრობო მესიჯბოქსით საუბრობენ და მხოლოდ მთავრობის პროპაგანდით არიან დაკავებული, რაც ვნახეთ ასევე ბატონი ლალიაშვილის ჩანაწერში, ისედაც ნათელია; საკმარისია, ჩართო იმედი, ნახავ, რომ ჩვეულებრივი სამთავრობო, საინფორმაციო სააგენტოა. ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, განსხვავებით ბატონი ვაშაძისაგან, რომ მათ შორის ყველაზე აღვირახსნილ პროპაგანდას აქვს არსებობის უფლება. ამიტომ, რა თქმა უნდა დასახური არ არის, ეს არის ჩვეულებრივი აღვირახსნილი პროპაგანდისტული სამთავრობო მანქანა და მას თავისი სახელი უნდა ეწოდოს.

ამიტომ ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ არის ასეთი ტიპის მედიასაშუალების არსებობა, ოღონდ რა თქმა უნდა ვიტოვებთ უფლებას, რომ ყოველთვის, როდესაც ცალმხრივად არის გაშუქებული ესა თუ ის მოვლენა, როდესაც მხოლოდ ერთი მხარე მიდის და საუბრობს მეორე მხარის დემონიზებაზე და იქ კონტრარგუმენტები არ ისმის, როდესაც ყველაზე ურცხვად იმეორებენ ყველაზე ურცხვ ტყუილებს მთავრობის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამაზე ვისაუბროთ ხმამაღლა. ამიტომ ყველაზე საბჭოური პროპაგანდისტული ტეკლეკომპანიაც, როგორიც არის „იმედი“, ჩვეულებრივად უნდა არსებობდეს. დახურვა არის სრულიად მიუღებელი, დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის პორპაგანდისტული საშუალებებიც ჩვეულებრივად არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა კაპანაძემ.