სერგი კაპანაძე - მთავრობის მიერ წარმოდგენილი ხედვა, პროგრამა, თვითტკბობაა და მეტი არაფერი
სერგი კაპანაძე - მთავრობის მიერ წარმოდგენილი ხედვა, პროგრამა, თვითტკბობაა და მეტი არაფერი

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ხედვა, პროგრამა, ტონი უბრალოდ, თვითტკბობაა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ისინი საუბრობენ, რომ ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ ფაქტებით ვესაუბრებით, რა არის გამოსასწორებელი და როგორ უნდა გამოსწორდეს. მათი პასუხი ან სიჩუმეა, ან აგრესია, რაც გუშინ ვიხილეთ, ან თვითკბობის განმეორება, რომ თურმე, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ხდება“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, პრობლემაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დაცვა არ ხდება.

„ხელისუფლებას ორი დღეა ვუმტკიცებთ, რომ მაგალითად, წინა კვირაში, ევროსაბჭოში კონკრეტული საკითხის განხილვისას ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოს ინტერესებს არ იცავდა. ამაზე ხელისუფლების ჯიუტი პასუხია, თურმე, საკითხი არ განიხილებოდა. ამ დროს, სრულიად ნათელია, რომ ეს ასე არ არის. მაგალითად, ისინი გვეუბნებიან, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუროკრატიული ხარჯი არ იზრდება, მაშინ, როცა ამის უამრავი ფაქტი არსებობს“, – განაცხადა კაპანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ორნახევარი მილიარდი ლარი, რომელიც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობაში ჩაყარა, სრულიად უშედეგო იყო.

„შედეგად მივიღეთ ის, რომ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის გამოშვება კი არ გაიზარდა, არამედ პირიქით, შემცირდა. დახნული ფართობი უფრო ნაკლებია, ვიდრე ადრე იყო. კვერცხისა და სხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქტის წარმოება არის ნაკლები, ვიდრე ადრე იყო და ა.შ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი