სერგი კაპანაძე - მოულოდნელი არ იქნება, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკური ტრანსფორმაცია მოხდეს
სერგი კაპანაძე - მოულოდნელი არ იქნება, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკური ტრანსფორმაცია მოხდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მოულოდნელი არ იქნება, თუ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკური ტრანსფორმაცია მოხდება, რისი დეკლარირებაც გარკვეულწილად, უკვე მოხდა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა „ევროპული საქართველო“ მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობას, კაპანაძე აცხადებს, რომ ურთიერთობას ყველა პროდასავლურ ძალასთან განიხილავენ.

„ბევრჯერ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ძალა, რომელიც იქნება პროდასავლური, არ იქნება პუტინის მოკავშირე, იქნება არაქსენოფობიური და არ იქნება გარიგებაში ან დაქვემდებარებაში ოლიგარქთან, ჩვენი პოტენციური მოკავშირეა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ხაზარაძე თუ სხვა, მასთან თანამშრომლობას პოტენციურად განვიხლავთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.