სერგი კაპანაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ შსს და მთავარი პროკურატურა კეთილს ინებებს და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს
სერგი კაპანაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ შსს და მთავარი პროკურატურა კეთილს ინებებს და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ბევრი კითხვა დაგროვდა.

მისი თქმით, მინისტრებთან სხვა საკითხებთან ერთად, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრებენ. ამასთან, როგორც კაპანაძე ამბობს, საგამოძიებო კომისიას მოლოდინი აქვს, რომ შსს და მთავარი პროკურატურა კეთილს ინებებს და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„სამწუხაროდ, ამ კომისიის მთელი მუშაობის მანძილზე კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა. თავიდან კონკრეტული კითხვებით დავიწყეთ და დღეს უფრო მეტი კითხვა დაგვიგროვდა. ეს დაგროვილი კითხვები გვექნება შსს-ს მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან. ეს კითხვები მათ შორის პასუხისმგებლობის საკითხს ეხება, როგორც პროკურატურასა და შსს-ში მაღალი ჩინის ადამიანების, ისე კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხს.

ამ საქმეზე პასუხისმგებელი ვინ არის, კონკრეტული პირის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ხორავას ქუჩის საქმეზე, რაც მოხდა და რაც ხდება. ეს კონკრეტული ორი უწყების პასუხისმგებლობა იყო და შეუძლებელია, ამ ამბებმა ისე ჩაიაროს, რომ პასუხი არავინ არ აგოს.

როგორი ტიპის პასუხისგებაზეა საუბარი, ამაზე საუბარი უფრო მოგვიანებით გვექნება, მათ შორის ჩვენი დასკვნების გამოქვეყნების დროს. მინისტრებთან საუბარი გვექნება მათ შორის მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, იგივე ყოფილ მთავარ პროკურორსაც ეხება. ყველაზე მთავარი ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და იმ ადამიანების დასჯაა, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა.

ამ მიმართულებით ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაპირება გვესმის, ჩვენ ეს მოლოდინიც გვაქვს, რომ შსს და მთავარი პროკურატურა კეთილს ინებებს და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.