სერგი კაპანაძე - მისასალმებელია, რომ სახელმწიფო მდივანი ლავროვთან პირველივე დიალოგში საუბრობს საქართველოს თემაზე, დღის წესრიგში დარჩენას ხელისუფლების მეტი მუშაობა დასჭირდება
სერგი კაპანაძე - მისასალმებელია, რომ სახელმწიფო მდივანი ლავროვთან პირველივე დიალოგში საუბრობს საქართველოს თემაზე, დღის წესრიგში დარჩენას ხელისუფლების მეტი მუშაობა დასჭირდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარს აფასებს.

კაპანაძის თქმით, კარგია, რომ ლავროვთან პირველივე დიალოგში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ერთ-ერთ საკითხად საქართველოზე ისაუბრა.

კაპანაძის განმარტებით, საქართველოს თემატიკის დღის წესრიგში დარჩენას დასჭირდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი მუშაობა და მუდმივად შეხსენება, რომ საქართველოს თემა მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი დანიშვნის შემდეგ ლავროვთან პირველივე დიალოგში საუბრობს მათ შორის საქართველოს თემაზე და რომ მას ახსოვს ეს თემა. ჩვენ გვახსოვს მისი წინა მოღვაწეობა სახელმწიფო დეპარტამენტში, ის აქტიურად იყო ჩართული, ჩვენ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდა. მისასალმებელია, რომ, როგორც ჩანს, ის აპირებს, საქართველოს და უკრაინის თემატიკა დატოვოს დღის წესრიგში და მიაქციოს ყურადღება.

ბუნებრივია, ამას დასჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა ხელისუფლების მხრიდან, მეტი აქტიურობა და მუდმივად შეხსენება, რომ საქართველოს თემატიკა არის სერიოზული საკითხი. ასევე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადახედვა დასჭირდება რამდენიმე საკითხს, რომლებიც აქამდე იყო პრობლემატური, მათ შორის რუსეთზე სანქციების და საქართველოს გამო რუსეთზე სანქციების დაკისრების, უკრაინასთან ურთიერთობების საკითხს და სხვა თემებს, რომლებიც აქამდე იყო პრობლემა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის რუსეთთან ურთიერთობებში, რის გამოც, როგორც წესი, ისინი საქართველოს საკითხს დღის წესრიგში ზემოთ არ წევდნენ ხოლმე“, – განაცხადა კაპანაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება.