სერგი კაპანაძე - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაობაზე ამერიკელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია
სერგი კაპანაძე - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაობაზე ამერიკელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძის მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაობაზე ამერიკელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია.

როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, აშშ-მა ხელისუფლებას ძალიან ნათელი გზავნილი მისცა, რომ მისთვის მიუღებელია ის, რაც საქართველოში ხდება, განსაკუთრებით, როცა საქმე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებსა და ანაკლიის პორტს ეხება.

„ეს იშვიათად ხდება, როცა ასეთი მკაფიო არის ამერიკის გზავნილი. მაიკ პომპეოს განცხადება გვახსოვს, რომელიც ასევე ძალიან მკაფიო გზავნილი იყო. ეს გზავნილი ხელისუფლების ძალიან სწორად და ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული. გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია, მას პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების რეჟიმი აქვს, პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყო, ხაზარაძე-ჯაფარიძის დევნაზე გადავიდა და მიაჩნია, რომ ამგვარად ხელისუფლებაში ყოფნას გაიხანგძლივებს, ოღონდ, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვერც ამ მიზანს მიაღწევს და უკიდურესად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და დემოკრატიული განვითარების მომავალს, რაზეც ამაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“, – აღნიშნავს დეპუტატი.

კაპანაძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილს თავისი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს, პოლიტიკურად გააქტიურებულ ადამიანებს ემტერება და მზად არის, მისი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად ყველაფერ სხვაზე უარი თქვას.

„ამისი გამოვლინებაა „რუსთავი 2“-ის ჩახშობა და ჯაფარიძე-ხაზარაძეზე შეტევა. თუ ამას ანაკლიის პორტი შეეწირება, ვხედავთ, რომ ეს არაფრად უღირს, რაც წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს. სწორედ ამიტომ არის, რომ ამერიკელი პარტნიორების განცხადებები შემაშფოთებელი“, – დასძინა კაპანაძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.