სერგი კაპანაძე - კვლევების ნაწილში კორუფციის მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია, ნაწილში კი, იგივე შედეგებია, რაც ბოლო წლებში
სერგი კაპანაძე - კვლევების ნაწილში კორუფციის მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია, ნაწილში კი, იგივე შედეგებია, რაც ბოლო წლებში

არის კვლევები, რომელთა ნაწილში კორუფციის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია, ნაწილში კი, არ არის გაუმჯობესება და იგივე შედეგები გვაქვს, რაც ბოლო წლებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „თრეის ინთერნეიშენალის“ ინდექსის ბოლო შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოში 27-ე, ხოლო ევროპაში მე-18 ადგილზეა, წინა წლის რეიტინგთან შედარებით კი, ქულა არ შეცვლილა.

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კვლევა. არის კვლევები, რომელთა ნაწილში არის გაუარესებული მდგომარეობა კორუფციის კუთხით, ნაწილში კი, არ არის გაუმჯობესება და იგივე შედეგები გვაქვს, რაც ბოლო წლებში. კვლევა, რომელიც ბიზნესში კორუფციას ეხება, ნათლად აჩვენებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არის ასეთი დაბალი შედეგი არის ის, რომ ინსტიტუტები არ არის გამჭირვალე და ინსტიტუტების გამჭვირვალობის არარსებობა ქვეყანაში პირდაპირ უკავშირდება არაფორმალური მმართველობის მანკიერ პრაქტიკას, რომელიც ივანიშვილმა შექმნა ჩვენთან. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენს პარტნიორს, მათ შორის მათ, ვინც ამ რეიტინგებს ადგენს, ძალიან კარგად ესმის, რომ როდესაც ქვეყანაში ხდება, მაგალითად, ამერიკული ბიზნესების წინააღმდეგ შეტევა, მაგალითად, „ფილიპ მორისის“, როდესაც ქვეყანაში ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და არა ინსტიტუციები, რა თქმა უნდა, კორუფციის საფრთხე არის. ეს რეიტინგები არის ქვეყანაში რეალური ვითარების სარკე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.