სერგი კაპანაძე - კუნთების ჩვენება, პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირება და კიდევ აქეთ დამუქრება ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს „ქართულ ოცნებასაც“
სერგი კაპანაძე - კუნთების ჩვენება, პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირება და კიდევ აქეთ დამუქრება ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს „ქართულ ოცნებასაც“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ნაცვლად ნოტაციების კითხვისა და კუნთების ჩვენებისა, ღარიბაშვილს ურჩევნია, რომ მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნება“ მივიდეს კონსტრუქციულად და შეთანხმებას მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ, ითვალონ, თუ რამდენი ადამიანი მივა 15 მაისის აქციაზე და კიდევ უფრო როგორ გაღრავდება კრიზისი.

კაპანაძემ ასევე აღნიშნა, დამოკიდებულება, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, საბოლოო ჯამში, ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს „ქართულ ოცნებასაც“.

„ძნელია რამე უპასუხო ბატონ ღარიბაშვილს, მაგრამ ნოტაციების ითხვისა და რაღაც უაზრო კითხვების დასმის ნაცვლად, თუ სად გვინახავს აქციის წინასწარ დაანონსება, აქ გვინახავს ძალიან ბევრჯერ, მათ შორის, ყველა დროში ყველა ოპოზიციის მიერ. თუმცა, მას ახლა რაც შეუძლია, გააკეთოს, არის ის, რისი პასუხისმგებლობაც აქვს და თუ ოდნავ მაინც აქვს უფლებამოსილების რაღაც დისკრეცია, რომ გააკეთოს, არის ის, რომ ამ მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნება“ მოვიდეს კონსტრუქციულად და შეთანხმებას მიაღწიონ. თუ არა, მერე დასხდნენ და ითვალონ, რამდენი ადამიანი მოვა და კიდევ უფრო როგორ გაღრმავდება კრიზისი. ეს დამოკიდებულება, რაღაც კუნთების ჩვენების, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირების და კიდევ აქეთ რაღაც დამუქრების, საბოლოო ჯამში, ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს, მათ შორის, „ქართულ ოცნებასაც“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.