სერგი კაპანაძე - ირაკლი კვარაცხელია თუ ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს
სერგი კაპანაძე - ირაკლი კვარაცხელია თუ ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს და მისი მკვლელები „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში“ უნდა შევიდნენ.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, არა მხოლოდ ის, რა ვითარებაში მოხდა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, არამედ რა პირობებში იმყოფებოდა საპყრობილეში და ხომ არ იყო ნაწამები.

„უნდა დადგინდეს, ხომ არ იყო მის მიმართ სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მექანიზმები გამოყენებული. შეფასება ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს. თუ დადგინდება, რომ კვარაცხელია მოკლულია, ან ნაწამები, მაშინ როგორც ქვეყანას, უმკაცრესი რეაგირება უნდა გვქონდეს. აუცილებელია მოხდეს იმ ადამიანების დადგენა, ვინც პასუხისმგებელია და ეს ადამიანები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ უნდა შევიყვანოთ. მნიშვნელოვანია, საქმის კურსში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩავაყენოთ. მას შემდეგ, რაც კვარაცხელიას ცხედარი იქნება გადმოსვენებული, ნათელი მოეფინება, რეალურად რა მოხდა“, – დასძინა კაპანაძემ.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.