სერგი კაპანაძე - იოსებ სიგუას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს
სერგი კაპანაძე - იოსებ სიგუას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საკითხზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, მათ პრესიდან გაიგეს, რომ შესაძლოა, ის ცუდად იყოს.

„დღეს ჩვენ შსს-ს წარმომადგენლების მოსმენას ვაგრძელებთ. ბატონი ბედოიძე და ფიფია ჩვენთან არიან. მათთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გვაქვს. ამ კითხვებზე მათ პასუხების გაცემის გაგრძელება მოუწევთ. სამწუხაროა, რომ ბატონი სიგუა ჯერ არ მოსულა. ჩვენ პრესიდან ინფორმაცია გავიგეთ, რომ შესაძლოა, ცუდად იყოს. ამას გავარკვევთ, იმიტომ რომ ჩვენთან შეტყობინება იმასთან დაკავშირებით არ მოსულა, რომ ის ცუდად არის. თუ ეს მართლა ასეა, მას ჩვენთვის ამის ახსნა და დადასტურება მოუწევს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს, მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს გარდაუვალია, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა თანამდებობის პირს. ამიტომ, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ აქ მოსასვლელად კარგად მოემზადონ და ნუ ექნებათ იმედი, რომ ან ჯანმრთელობის თუ სხვა რაიმე მიზეზით თავს აარიდებენ იმ კითხვებს, რომელიც კომისიას და ასევე საზოგადოებას აქვს“, – განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად დამაჯერებელია მისთვის სიგუას ავად გახდომის გამო გამოუცხადებლობა.

„ეგ გაირკვევა, თუ გუშინდელი სხდომის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს. ჩვენ იმის გარკვევა მოგვიწევს, თუ რა მიზეზით გაუშვეს, მან რა იცის და რა კითხვებზე შეეცადნენ, რომ პასუხები არიდებული ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანი თანამდებობაზე არის თუ არა, მას ჩვენი კითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. როგორც ბატონ შოთაძეს მოუწევს და სხვა ყოფილ თანამდებობის პირებს, ვინც ჩართულები იყვნენ, ნებისმიერს ისე მოუწევს. სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და სხვა არამც და არამც არავის პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს, რომ აქ მოვიდეს და ჩვენ ახსნა-განმარტება მოგვცეს“, – განაცხადა კაპანაძემ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების – გამომძიებელ ირაკლი ფიფიასა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა გრძელდება.

შსს-ში განაცხადეს, რომ დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა ავად გახდა და საგამოძიებო კომისიის სხდომას ამის გამო არ ესწრება.