სერგი კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ყველა წევრი საქმეს მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგება
სერგი კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ყველა წევრი საქმეს მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ირგვლივ ყურადღება და საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან დიდი,  – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა კომისიაზე და კომისიის ყველა წევრზე არის ძალიან მაღალი.

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კომისიის ყველა წევრი მიუდგება ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად  იმ საქმეს, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს და ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ნათელი იქნას მოფენილი აღნიშნულ საქმეზე და ყველა კითხვას შესაძლებლობის ფარგლებში გაეცეს პასუხი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, მან კომისიის წევრებს სთხოვა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ საქმე მოიცავს არასრულწლოვნებს და მათი გამოკითხვა კომისიაზე დახურულ ფორმატში მოხდება, ხოლო საჯაროდ სხდომის გადაცემისას არასრულწლოვნების ხსენება ინიციალების მიხედვით უნდა მოხდეს, რათა მათი იდენტიფიცირება არ იყოს შესაძლებელი.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგშია დაზარალებული ოჯახების და მათი ადვოკატების გამოკითხვა, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესული წერილის განხილვა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ახსნა-განმარტებისთვის კომისიის შემდეგ სხდომაზე დასაბარებელ პირთა თანმიმდევრობის განსაზღვრა და სხვა საკითხები.