სერგი კაპანაძე - იმედი გვაქვს, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება „ქართული ოცნების“ მხრიდან
სერგი კაპანაძე - იმედი გვაქვს, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება „ქართული ოცნების“ მხრიდან

იმედი გვაქვს, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე იქნება შესრულებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორებიც აღნიშნავენ თავიანთ გზავნილებში, რომ შეთანხმების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

დეპუტატი ამბობს, რომ შეთანხმების შესრულებისა და გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში, ოპოზიციაც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ კონგრესმენ ადამ კინზინგერის რამდენიმე განცხადება. ის ელოდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, და ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიიჩნევს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას. იგივე გზავნილები მოვისმინეთ სხვა პარტნიორებისგანაც, მათ შორის სენატორებისგან, იგივე გზავნილები ჰქონდა საქართველოში აშშ-ის ელჩს. ვართ ძალიან მადლიერი ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, იმ წვლილის, რომელიც მათ შეაქვთ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში და კონკრეტულად 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე იქნება შესრულებული „ოცნების“ მხრიდან, დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუაც იქნება გათავისუფლებული და ჩვენც მხარს დავუჭერთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვიზრუნებთ, რომ ვითარება იყოს ნაკლებად პოლარიზებული და უფრო ნორმალური არჩევნების წინ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.