სერგი კაპანაძე - გვაინტერესებს, რას გადაურჩა საქართველო
სერგი კაპანაძე - გვაინტერესებს, რას გადაურჩა საქართველო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გასცეს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კაპანაძემ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ვანო გოლოშვილმა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის თავისი სიცოცხლე გაწირა.

დეპუტატის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლეგიტიმური კითხვები დაგროვდა, რომელზეც სამწუხაროდ, ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია.

„შეიძლება, ყველა კითხვაზე პასუხის ჩამოყალიბება რთული იყოს, მაგრამ საქმე ტერორიზმსა და უსაფრთხოებას ეხება და ოპერაციულ დეტალებს არ ვითხოვთ. უაღრესად მნიშვნელოვანია გავიგოთ, ამ სპეცოპერაციაში, შეთქმულებაში თუ დაგეგმილ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა თუ არა ჩატაევი, რომელიც გაერო-ს მიერ ტერორისტების ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი. ეს არ არის უბრალო ფიგურა და ადამიანი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ასეთი ტიპის ადამიანი საქართველოში როგორ შემოვიდა და სპეცოპერაციაში მართლა იყო თუ არა ლიკვიდირებული. ამასთან, უზარმაზარი არსენალი იყო იარაღის, რომელიც ბინაში მოხდა და საინტერესოა, საქართველოში როგორ იქნა შემოტანილი იარაღი და ამ ბინაში როგორ მოხვდნენ ტერორისტები თუ ვინც იყვნენ ისინი. გვაინტერესებს, რა ტიპის საფრთხე იგეგმებოდა და რას გადაურჩა ქვეყანა. ეს ლეგიტიმური კითხვებია, რომელიც ყველა საზოგადოებაში არსებობს“, – აღნიშნა კაპანაძემ.

კანონმდებლის განცხადებით, პარიზის ტერაქტის დროს ასეთი ტიპის კითხვებზე საზოგადოებამ პასუხები იცოდა.

„დასამალი არაფერი არ არის. პარიზში იმ ადამიანების ვინაობაზეც იყო საუბარი, ვინც ლიკვიდირებული იყო. ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ინიციალები ვიცით, რაც ნორმალური ვითარება არ არის. ასოცირების დღის წესრიგში წამოწეულია საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სამსახურებზე და ახლა დროა იმის, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს“, – დასძინა კაპანაძემ.