სერგი კაპანაძე - გაუგებარი და სამწუხარო იყო ელისაშვილის ბრალდებები, როგორც ჩანს, საბაბს ეძებს პარლამენტში შესასვლელად
სერგი კაპანაძე - გაუგებარი და სამწუხარო იყო ელისაშვილის ბრალდებები, როგორც ჩანს, საბაბს ეძებს პარლამენტში შესასვლელად

გაუგებარი და სამწუხარო იყო ელისაშვილის ბრალდებები. რატომ შემოაქვს ოპოზიციის შიგნით ასეთი განხეთქილება, გაუგებარია და ეჭვებს აჩენს მის ქვენზრახვებზე, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ევროპული საქართველო“ საბოტაჟითაა დაკავებული.

კაპანაძის თქმით, როგორც ჩანს, ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს.

„თქვა, რომ ჩვენ თურმე ფულის აღება დავაბრალეთ და თითქოს, საბოტაჟს ვეწევით. მსგავსი არაფერი ყოფილა არასდროს. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, ელისაშვილი საბაბს ეძებს, შევიდეს პარლამენტში, ამისთვის საბაბად მან კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა, რაც მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა რომ შევიდეს, უნდა თქვას, რომ შედის. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რადგან ეს არჩევნები გაყალბდა და ხალხს ნება წაართვეს თავისუფალ არჩევნებზე. თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაიმეს გაუმჯობესების შედეგად, უნდა შევიდეს პარლამენტში და ამ არჩევნებს თავი დაანებოს, თქვას, რომ კი ბატონო, ეს არჩევნები სამართლიანი იყოო, გაუპრავოს ივანიშვილს ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, თქვას. რატომ შემოაქვს ოპოზიციის შიგნით ასეთი განხეთქილება, გაუგებარია და ეჭვებს აჩენს მის ქვენაზრახვებზე“, – განაცხადა კაპანაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, პარლამენტში შევა.

„ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. თუ ეს დოკუმენტები და გარანტია მეჭირება ხელში, შევალ პარლამენტში“, – განაცხადა ელისაშვილმა.