სერგი კაპანაძე - ეუთო/ოდირის დასკვნაში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური
სერგი კაპანაძე - ეუთო/ოდირის დასკვნაში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციამ ეუთო-ს დასკვნა მიიღო.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, დასკვნაში საუბარია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად შესთავაზეს „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ე.წ. გერმანული მოდელი. ეს მოდელი გაიგზავნა სახალხო დამცველის მიერ ეუთო-ში, საიდანაც სულ ახლახანს მივიღეთ დასკვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული, შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი. ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოგზე. არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური. უფრო მეტიც, ეუთო/ოდირი პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი, რომელიც გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, შეიძლება განხილული იყოს როგორც მაჟორიტარული კომპონენტი საარჩევნო სისტემების. ოდირი „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად აცლის მთავარ არგუმენტს. ზოგადად კლასიფიკაცია საარჩევნო მოდელების, შერეული, მაჟორიტარული, პროპორციული თუ სხვა, ეს არსად არ არის კლასიფიცირებული საერთაშორისო სისტემაში. საუბარი იმაზე, რომ რაღაც მოდელია კონსტიტუციაში და შეთავაზება ამას ეწინააღმდეგება, არის არასწორი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ეუთო-ს დასკვნა არის იმის დადასტურება, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მოდელს შესაძლებელია, პარლამენტში ეყაროს კენჭი.

„მოკლედ რომ შევაჯამო, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი შეიძლება იქნას მიღებული პირდაპირ, ამაზეც აქვს საუბარი ეუთო/ოდირს თავის მოხსენებაში, რომ ეს მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ხმების უბრალო უმრავლესობით. ჩვენ ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ ამ მოდელზე მუშაობა. რეკომენდაციები, რომელიც ეუთო-ს აქვს გაკეთებული, ამ ექვსივე რეკომენდაციას გავითვალისწინებთ ჩვენს მომდევნო მუშაობაში. ეს არის კარგი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი მხარს უჭერს ასეთი ტიპის რეფორმის განხორციელებას, მიიჩნევს მას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ ამის იმპლემეტნაციაზე და პარლამენტში გადავიტანოთ, მას ვუყაროთ კენჭი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი