სერგი კაპანაძე -პარლამენტი კომისიის დასკვნას მხარს დაუჭერს ან მოუწევს აღიაროს, რომ გამოძიება კარგად წარიმართა
სერგი კაპანაძე -პარლამენტი კომისიის დასკვნას მხარს დაუჭერს ან მოუწევს აღიაროს, რომ გამოძიება კარგად წარიმართა

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე ისაუბრებენ გამოძიების დროს დაშვებულ დარღვევებსა და ტენდენციურობაზე.

მისივე თქმით, კომისიის დასკვნაში არის დასაბუთებული ვერსია, რომლის მიხედვითაც მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება გამრუდდა.

„დღეს კომისია დასკვნის ძალიან მნიშვნელოვან თავს განიხილავს, რომელშიც ჩვენი დასაბუთებული ვერსიაა წარმოჩენილი, თუ  როგორ გამრუდდა გამოძიება მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ, რა გააკეთა და რა არ გააკეთა გამოძიებამ იმისთვის, რომ რეალური სიმართლე დადგენილი არ ყოფილიყო. გარდა ამისა, ჩვენ დღეს იმ უამრავ დარღვევას მიმოვიხილავთ, რომელიც გამოძიების ფარგლებში იყო და რომელიც გამოძიების ტენდენციურობაზე პირდაპირ მიუთითებს. ეს ფაქტები კომისიამ საქმის მასალების შესწავლის, ასევე ჩატარებული ახსნა-განმარტებების და მოკვლევის შედეგად გამოიკვლია“,-აღნიშნავს სერგი კაპანაძე და აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრებს კომისიის მუშაობის დროს სიმართლის დადგენა არ უნდოდათ.

„კომისიის მუშაობის არც ერთ ეტაპზე უმრავლესობის წევრებს სიმართლის დადგენა არ უნდოდათ. ისინი დაინტერესებულნი არიან იმ ადამიანების გამართლებით, რომლებმაც გამოძიება გაამრუდეს. როგორც ჩანს, კომისიის მუშაობის დასკვნით ეტაპზე ბოლომდე მათ გამართლებაზე და თავიანთი არგუმენტის დასაბუთებაზე გადავიდნენ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ კომისიას მანდატი არ აქვს, ახალი გარემოებები გამოავლინოს და რეკომენდაციები გასცეს, უბრალოდ აბსურდია. ვინც ამ განცხადებას აკეთებს, სამწუხაროდ ამ გამრუდებული გამოძიების თანამონაწილეა“,-განაცხადა მან.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, კომისიის დასკვნა ან იქნება მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ, ან „ქართულ ოცნებას“ მოუწევს თქვას, რომ გამოძიების პროცესში ყველაფერი კარგად იყო.

„რაც შეეხება დასკვნების რაოდენობას, დასკვნა ერთი იქნება.  ამის შემდეგ პარლამენტზე და „ქართულ ოცნებაზე” იქნება დამოკიდებული, კომისიის დასკვნას მხარს დაუჭერენ თუ არა ან  მოუწევთ აღიარონ, რომ რაც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პროცესში ხდებოდა, ყველაფერი კარგად იყო. არანაირი დარღვევები არ ყოფილა და შესაბამისად, პრობლემაც არ არის”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.