სერგი კაპანაძე - ჩვენი გზავნილები მიტანილი გვაქვს ამერიკულ მხარესთან, ამისთვის ბევრი ინსტრუმენტი და კომუნიკაციის საშუალება გვაქვს
სერგი კაპანაძე - ჩვენი გზავნილები მიტანილი გვაქვს ამერიკულ მხარესთან, ამისთვის ბევრი ინსტრუმენტი და კომუნიკაციის საშუალება გვაქვს

ჩვენ ჩვენი გზავნილები მიტანილი გვაქვს ამერიკულ მხარესთან. ამისთვის, ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს და კომუნიკაციის ბევრი საშუალება, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, როგორ აპირებს „ევროპული საქართველო“ საკუთარი გზავნილების აშშ-ის სახელმწიფო მდივნამდე მიტანას.

„დარწმუნებული ვართ, ამ თემაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური ერთობა მეორე ტურში მონაწილეობას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„რაციონალური ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოლოდინი იქნებოდა, კრიზისის განსამუხტად ნაბიჯი გადაედგათ და გამოსწორებულიყო უმძიმესი დარღვევები, რის გამოც ეს არჩევნები გაყალბებული, არალეგიტიმურია და ოფიციალური შედეგები ხალხის ნებას არ ასახავს. ამის გამოსწორების ერთადერთ გზად უკვე ახალი არჩევნები რჩება“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მოხდება ის, რაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან დააზიანებს და ხელისუფლებას ეს შედეგი არ უნდა აწყობდეს.

„ანუ, ერთპარტიული პარლამენტი, სადაც არ იქნება ოპოზიცია, არც დე ფაქტო და არც დე იურე“, – განაცხადა კაპანაძემ. 

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 1 500-მდე უბნის ხელახალი გადათვლა, კამერების გახსნა და ა.შ., სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეს შეთავაზება საელჩოში ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა მაშინ, როცა წინა დღეს ცესკო-ს მხრიდან ამაზე უარი იყო ნათქვამი.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, კამერების გახსნა ძალიან დიდი აბსურდია, რადგან არის 3 800 უბანი და ამდენ უბანზე 24-საათიანი რეჟიმის ყურება შეუძლებელია.

მისივე თქმით, არჩევნებზე დიდი რაოდენობით იქნა გამოყენებული ორი ტიპის კარუსელი, რაც კამერებზე არ ჩანს.

„12 000 ბიულეტენი, რომელიც გარეთ არის გატანილი და მერე შემოსულია წინასწარ შემოხაზული, 41 ნომრით. ანუ, გარედან შემოტანილი, წინასწარ შემოხაზული ბიულეტენი, რომელიც არის გასული მანამდე, ცარიელი ბიულეტენის სახით და მერე რომ შემოვიდა, ზეწოლისა თუ მოსყიდვის შედეგად ჩავარდა იმ ურნაში და რომ გადათვლი, იმ ურნაში აღმოჩნდება. ასეთი ტიპის კარუსელი დარღვევაა“, – განაცხადა კაპანაძემ.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიცია მოსყიდვებსა და გაკონტროლებულ ხმებზე დავობს, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს ასეა, რადგან კარუსელი არის მოსყიდვა და გაკონტროლებული ხმა, ოღონდ დარღვევაა ის, რომ ბიულეტენებია გარეთ გასული.

„გარეთ გასული ბიულეტენები წინა არჩევნებთან შედარებით ოთხჯერ მეტია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.