სერგი კაპანაძე - ბევრი კითხვაა როგორც თბილისის, ასევე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით
სერგი კაპანაძე - ბევრი კითხვაა როგორც თბილისის, ასევე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, არის ზოგადად სახელმწიფოს და კონკრეტული პოლიტიკური პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირადად ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, ბევრი კითხვაა როგორც თბილისის, ასევე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

„ყველაზე დიდი ჩავარდნა, რისთვისაც უნდა დადგეს იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ამაში მიუძღვის ბრალი, იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა გათავისუფლებული ჩატაევი თავის დროზე, როგორ დატოვა მან ქვეყანა და მას მერე, რაც მან ჩაიდინა სასტიკი ტერორისტული აქტი სტამბოლში, რაც დადასტურდა მისი კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ის იქნა შეყვანილი ყველა შავ სიაში, რომელიც არსებობს ტერორისტებთან დაკავშირებით – ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მოხდა მისი უკან დაბრუნება საქართველოში. ეს არის მთავარი კითხვები, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი, სადაც იკვეთება აუცილებლად კონკრეტული პოლიტიკოსების პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ამის მიღმა, ბუნებრივია, არის ლეგიტიმური კითხვები, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციებს როგორც თბილისში, ასევე პანკისში. ეს კითხვები პირველ რიგში უკავშირდება იმას, იყო თუ არა ძალა გამოყენებული გადამეტებულად მაჩალიკაშვილთან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ კითხვა ჩნდება, რამდენად საჭირო იყო მისი ასე გაწირვა და მისთვის თავში სროლა.

ამასთან, ჩნდება კითხვები – დროულად აღმოუჩნე​ს თუ არა მას სამედიცინო დახმარება საქართველოში, ასევე, რამდენად იყო შესაძლებელი უფრო ადრე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.