სერგი კაპანაძე - ბატონმა გიორგი გახარიამ ძალიან კარგად აჩვენა თავისი სახე, ის არის ჩვეულებრივი მატყუარა
სერგი კაპანაძე - ბატონმა გიორგი გახარიამ ძალიან კარგად აჩვენა თავისი სახე, ის არის ჩვეულებრივი მატყუარა

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას აღარ მისცეს საშუალება, დასმულ კითხვებზე ვრცლად ეპასუხა და სხდომა დახურულად გამოაცხადეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა განაცხადეს, გიორგი გახარიას მოკლედ გაცემულ პასუხებში როგორც ოპოზიციისთვის, ასევე საზოგადოებისთვის „ყველაფერი ნათელია“.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას გაურბის.

„კოლეგებო, მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ აქ ბატონმა გახარიამ ძალიან კარგად აჩვენა თავისი სახე. იმისათვის, რომ გახარიას მხარი არ დავუჭირო პრემიერ-მინისტრად, მარტო ისიც კმარა, რაც ია კერზაიას შემთხვევაში მოხდა. არაფერს ვამბობ ხორავას საქმეზე, პანკისის ეპიზოდზე, კლუბის დარბევის ეპიზოდსა და 20 ივნისზე. ძალიან კარგად მესმის და წარმოდგენილი მაქვს, რას აპირებთ შემდეგ არჩევნებზეც. ალბათ ეს არის ის, რასაც თქვენში ხედავს ბატონი ივანიშვილი, რომელმაც წამოგწიათ ამ თანამდებობაზე, ამიტომ ჩემთვის სრულიად ნათელია, რატომ არ უნდა დაგიჭიროთ მხარი.

ბოლო პერიოდში 20 ივნისთან დაკავშირებულმა განცხადებებმა, მაჩვენა მე პირადად, რომ უბრალოდ სუსტი ადამიანი ბრძანდებით. შეიძლება ყველა სუსტი იყოს, მაგრამ პრემიერი, რომელიც იმას იკვეხნის, რომ ძლიერია, რეალურად ჩვეულებრივად სუსტი ადამიანია, რომელიც ვერ შეეგუა თანამდებობის დაკარგვას და ამიტომ არ გადადგა, რომელიც უბრალოდ იმალება ამ რაღაც ეპატაჟურობის, მიხვრა-მოხვრის და პროკურატურის, შსს-სა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა. ეს არის და ეს. მაჩვენა, რომ ხართ მატყუარა, შემიძლია თვალებში შემოგხედოთ და გითხრათ, ჩვეულებრივი მატყუარა ბრძანდებით“, – განაცხადა კაპანაძე.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას ურჩევნია კონკრეტულ პოლიციელებს შეაწმინდოს ხელი, ვიდრე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ხართ, რომ 20 ივნისს მალევე არ გადადექით. მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ, იმ ყველა ჩავარდნის გამო, რომელიც თქვენ გქონდათ შსს მინისტრობის პერიოდში, თქვენ მაინც გაურბიხართ პასუხისმგებლობას. თქვენ გირჩევნიათ, რომ ახლა წახვიდეთ, ოპოზიციის ლიდერები დაიჭიროთ, მათ განადგურებით დაემუქროთ, ციხეში ჩასვათ და კონკრეტულ პოლიციელებს შეაწმინდოთ ხელი და ისინი დააპატიმროთ და თქვათ, რომ კონკრეტული გადაცდომები იყო და არა თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლობა გამოჩნდა. გამოჩნდა ის, რაც ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, უბრალოდ მორჩილი ადამიანი ხართ ბიძინა ივანიშვილის.

ამიტომ ჩემთვისაც ეს შეხვედრა არის დასრულებული, თქვენი პასუხები გავიგეთ, მე მგონია, რომ ყველაფერი ნათელია მთელი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.