სერგი კაპანაძე - არის ასობით შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს სამსახურის დაკარგვით ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან
სერგი კაპანაძე - არის ასობით შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს სამსახურის დაკარგვით ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან

არის ასობით შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს სამსახურის დაკარგვით ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთან, ნინო გედენიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნინო გედენიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მასთან მისული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მოსთხოვეს, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, თუ ვის აძლევდა ხმას არჩევნებზე. გედენიძის თქმით, მას შემდეგ, რაც არ გაამჟღავნა საკუთარი პოზიცია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აგრესიულად მიმართავდნენ და მისი სამუშაო ადგილი შეახსენეს. გედენიძის თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლები ახდენდნენ ირიბ ზეწოლას, რათა ხმა მართველი პარტიისთვის მიეცა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ასეულობით ამგვარი ზეწოლის შემთხვევა ხდება, როდესაც ადამიანებს ემუქრებიან სამსახურების დაკარგვითა და სოციალური დახმარების მოხსნით. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ასეთი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელია.

„სამი კვირის წინ, კარდაკარის ფორმატში იყო მოსული ქალბატონო და თავიდანვე კატეგორიულ ფორმატში მოითხოვა კარის გაღება, შემდეგ ასეთივე ტონით მკითხა, თუ ვის ვაძლევ ხმას, მე არ გამიჩნდა სურვილი და ვუთხარი, რომ არ ვეტყოდი, ამ ადამიანმა კი მომენტალურად გააკეთა დასკვნა, რომ რაკი ვმალავდი ჩემს პოზიციას, ვიყავი ოპოზიციის მხარდამჭერი, ამის შემდეგ ეს ქალბატონი წავიდა. სამი დღის წინ კვლავ მოვიდა ეს ქალბატონი და მეუბნება, რომ არის ქართული ოცნების წარმომადგენელი და იცის, რომ მე არ ვარ მისი ამომრჩეველი და ამავე დროს, მიფიქსირებს ჩემს სამუშაო ადგილს, სახელს და გვარს და მაწვდის ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის სააგიტაციო მასალას. როდესაც მე ვუთხარი ამ ქალბატონს, რომ ეს იყო ზეწოლა და ვთხოვე, რომ გაემჟღავნებინა მისი სახელი და გვარი, მან არ მიპასუხა. შემთხვევით კარდაკარ მოსიარულე ადამიანმა არ უნდა იცოდეს, მე სად ვმუშაობ, მან ძალიან კარგად იცოდა სად ვმუშაობდი და გამაფრთხილა ირიბად, რომ ხმა მიმეცა ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ნინო გედენიძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა საჯარო მოხელეების მიმართ ზოგადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.

„ვნახეთ შემთხვევები მაღალმთიან რაიონში, როდესაც პირდაპირ აიპ-ისა და სიპ-ების აწერინებდნენ ვისი თანამშრომლები იყვნენ, აკეთებდნენ სიებს, ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც სკოლის დირექტორებს ხსნიდნენ და ეს პროცესი კიდევ გრძელდება, ასეთი შემთხვევა არის ძალიან ბევრი და დღეს კიდევ ერთი შემთხვევა გვაქვს. მინდა, გითხრათ, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევები ათობით და ასობით, უბრალოდ, ადამიანები, რომლებთანაც ასეთი აგრესიული ფორმით მიდიან „ოცნების“ წარმომადგენლები, პირდაპირ ემუქრებიან ან სამსახურის დაკარგვით, ან სოციალური დახმარების მოხსნით ან პენსიის შეწყვეტით, ან უებნებიან, რომ თქვენი შვილი მუშაობს საჯარო სამსახურში და დაკარგავს სამსახურს, ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია, უბრალოდ ყველას არ შეუძლია, რომ გამოვიდეს და საჯაროდ დააფიქსიროს ეს პოზიცია, ამიტომ ქალბატონ ნინოს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ არ ეშინია და თამამად შეუძლია თქვას ის, რაც მოხდა.​ ზოგაგად, ეს დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ადამიანებს დაემუქროს მათი სამსახურების დაკარგვით, ლუკმაპურის დაკარგვით, ასეთი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელია. არ ღირს ასეთ ქმედებებად ხელისუფლება და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც მართლაც სურთ გარდამტეხი ცვლილებები, ამას გაითვალისწინებენ 31 ოქტომბერს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.