სერგი კაპანაძე - ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, უბრალოდ ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში
სერგი კაპანაძე - ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, უბრალოდ ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ფაქტობრივად გააფორმა ის პროცესი, რომელიც უკვე დიდი ხანია დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პორტი აუცილებლად აშენდება, თუმცა „ქართული ოცნება“ მაშინ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

„ეს პორტი აუცილებლად აშენდება, უბრალოდ ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, თუმცა, სამწუხაროდ, მანამ ჩვენ დაგვაკარგინა ხუთი-ექვსი წელი. მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის პირადი, პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით, ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს დაუსვა წერტილი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.