სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებს ებრძვის
სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებს ებრძვის

„ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, იმდენად შეშინებულია, გადაწყვიტა ადრეულ ეტაპზევე შეუდგეს ბრძოლას საარჩევნო პლაკატების წინააღმდეგ და ჩვენი პლაკატების ჩამოხევა მასობრივად დაიწყო, რაც სასაცილოა, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე „სთრით არტის“ ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებას, რომ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების გამო კედლის მოხატვას ვერ ახერხებენ.

მისივე თქმით, ხელისუფლება „ევროპული საქართველოს“ პლაკატებს ემტერება.

„უკვე რამდენიმე დღეა, დაიწყო აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. ამ კამპანიის ნაწილი ყველამ ვიცით, ჩამოყალიბდა საქართველოში და უცხოეთშიც ხორციელდება სარეკლამო პოსტერების გაკვრა. ჩვენც ამ დღეების განმავლობაში, რამდენიმე ათეული ათასი პლაკატი გავაკარით, ესეც ნაწილია საარჩევნო კამპანიის.

„ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, იმდენად შეშინებულია, გადაწყვიტა ამ ადრეულ ეტაპზევე შეუდგეს ბრძოლას საარჩევნო პლაკატების წინააღმდეგ და ჩვენი პლაკატების ჩამოხევა მასობრივად დაიწყეს, რაც სასაცილოა. საზოგადოებას მინდა ყურადღება მივაპყრო იქითკენ, თუ როგორ ფორმაში იმყოფებიან ისინი და როგორი სახედაკარგულები არიან. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენიმე ქალაქში ასევე ემტერებიან ჩვენს პლაკატებს. პრობლემა არის იმაში, რომ ამას აკეთებენ ან საბიუჯეტო მოხელეების ხელით, ან ისეთი ადამიანიების მეშვეობით, რომლებიც კონტრაქტით ჰყავთ აყვანილი მერიებს და სახელმწიფო სამსახურებსა და საზოგადოებისგან ფულს იღებენ. ამაში ხარჯავს სახელმწიფო ფულს, როდესაც უამრავი სხვა პრობლემაა გადასაჭრელი. ამიტომ, მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა შეაფასონ ასეთი ტიპის ხელოსუფლება, რომელიც უკვე სამი თვით ადრე არის ისტერიაში, ხელისუფლება, რომელიც გამოგონილ პრობლემებს ებრძვის პლაკატების სახით. შეაფასოს საზოგადოებამ,  ასეთ ხელისუფლებას როგორი ტიპის განაჩენი უნდა გამოუტანოს“, – განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის ორგანიზებით, გაგარინის ქუჩის მიმდებარედ „სთრით არტის“ ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო.

ფესიტავლის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლუკა ჯაფარიძის განცხადებით, მათ მერიიდან შესაბამისი ნებართვა მიღებული ჰქონდათ, რომ ამავე ქუჩაზე, ერთ-ერთ კედელზე ფესტივალის ფარგლებში, ნახატები უნდა განეთავსებინათ, თუმცა ორგანიზატორებს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები დახვდათ გაკრული.