სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს 
სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს 

„ევროპული საქართველო“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება.

„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ვიცით ფაქტი, რომ შევარდნენ და ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს საწოლში, მას შემდეგ არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია. არ მოგვისმენია რატომ მოხდა, არ ვიცით საქმის დეტალები. ვიცით, რომ გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.

დიდი დრო გავიდა, კითხვები უფრო მეტად მრავლდება და პასუხები არ არის. ამის ფონზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური ინსტრუმენტია. თუ ეს ინიციატივა განხილვის საგანი იქნება, „ევროპული საქართველო“ მას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში 150 დეპუტატის სახელზე განცხადება შეიტანა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.