სერგეი სობიანინმა მოსკოვში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა კუდრინის მოედანზე მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა.
„გუშინ მოსკოვში განხორციელდა სასტიკი ტერორისტული აქტი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულები ამჟამად ქალაქის საავადმყოფოებში იმყოფებიან, სადაც მათ სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – განაცხადა სობიანინმა. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის გარემოებებს ადგენენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. მანამდე მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ გამომძიებლები „ინციდენტის ადგილზე მუშაობენ“.
ტელეგრამარხების ცნობით, აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია.
აფეთქება Balzi Rossi-ში პირველი აგვისტოს საღამოს მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, აფეთქება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ გამოიწვია, რომლის შეტანასაც რესტორანში ქალი ცდილობდა. ტელეგრამარხების ინფორმაციით, აფეთქების დღეს რესტორანში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ ჩაიკო დაბადების დღეს აღნიშნავდა და სავარაუდო სამიზნეც სწორედ ის იყო.