სერგეი სკრიპალის შვილი, იულია გონზე მოვიდა
სერგეი სკრიპალის შვილი, იულია გონზე მოვიდა

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის შვილი, იულია გონზე მოვიდა და ლაპარაკი შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიას სოლსბერის საავადმყოფოში განუცხადეს, 33 წლის იულია სკრიპალის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება და აღარ არის კრიტიკული. თუმცა BBC-ის ცნობით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ როგორ აისახება მომხდარი იულიას ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. მისი მამის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული, თუმცა სტაბილური რჩება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, სკვერში სკამზე 4 მარტს უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ტერეზა მეის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს. ამ დროისთვის რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც გააძევა. სულ სამშობლოში დაბრუნება რუსეთის დიპლომატიური მისიის 150-მდე თანამშრომელს მოუწევს.