სერგეი შოიგუ - რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ჰიპერბგერითი რაკეტის სერიული მიწოდება დაიწყო, 2023 წელს პრიორიტეტი იქნება სამხედრო ოპერაციის გაგრძელება დავალების სრულ შესრულებამდე
სერგეი შოიგუ - რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ჰიპერბგერითი რაკეტის სერიული მიწოდება დაიწყო, 2023 წელს პრიორიტეტი იქნება სამხედრო ოპერაციის გაგრძელება დავალების სრულ შესრულებამდე

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტის, „ცირკონის“ სერიული მიწოდება დაიწყო. 2023 წელს პრიორიტეტი იქნება დავალების სრულ შესრულებამდე სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის საზღვაო ძალებმა მიიღო ყველაზე თანამედროვე წყალქვეშა ნავი, ექვსი ხომალდი, სამი საბრძოლო კატარღა, 11 დამხმარე ხომალდი და კატარღა, ასევე ორი სანაპირო სარაკეტო სისტემა.

„ზოგადად, 2022 წლისთვის დასახული ყველა ამოცანა შეიარაღებულმა ძალებმა შეასრულეს. მათი საბრძოლო შესაძლებლობები 13%-ზე მეტით გაიზარდა. უზრუნველყოფილია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნების წინასწარ განსაზღვრული დონე. 2023 წლის პრიორიტეტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება ამოცანების სრულ შესრულებამდე. რუსული ჯარებისა და ძალების დაჯგუფებები მთიან ყარაბაღსა და სირიაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონ-ნახევარ ჯარისკაცამდე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოვიდა, მოქალაქეთა გაწვევის ასაკი ეტაპობრივად – 18-დან 21 წლამდე, მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი კი 30 წლამდე გაიზარდოს.