სერგეი შამბა აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ოკუპირებულ აფხაზეთში „სამთავრობო შენობებს“ ჯერ არ დატოვებენ
სერგეი შამბა აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ოკუპირებულ აფხაზეთში „სამთავრობო შენობებს“ ჯერ არ დატოვებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები „სამთავრობო შენობებს“ არ დატოვებენ, ვიდრე რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტის“ უფლებამოსილება არ შეუწყდება. სერგეი შამბას თქმით, „სასამართლოს“ გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ უნდა ჩაატაროს განმეორებითი არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში. რუსული მედიის ცნობით, მან აღნიშნა, რომ რაულ ხაჯიმბას შეუძლია გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომლის განხილვისთვისაც კანონით ცხრა თვეა გათვალისწინებული.

თავის მხრივ, „ოპოზიციურ ძალთა ბლოკის“ ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, თუ ხაჯიმბა თანამდებობას დატოვებს, აფხაზეთში მოიძებნება ადამიანი, რომელიც „არჩევნებამდე“ პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს. ასეთ ადამიანად მან მაგალითად ე.წ. პარლამენტის სპიკერი დაასახელა. ასლან ბჟანიამ „უზენაესი სასამართლოს“ გადაწყვეტილება პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად შეაფასა. ბჟანიას თქმით, საბოლოო შედეგი „არჩევნების“ თარიღის დანიშვნა იქნება.

მისი ვარაუდით, 11 იანვარს პარლამენტის სხდომაზე გარკვეული გადაწვეტილება იქნება მიღებული.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.