სერგეი რიაბკოვი - ვიმედოვნებთ, რომ სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი კონტაქტი შედგება და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ პიარისთვის, რითიც წარმატებით არიან დაკავებული ბევრ დედაქალაქში
სერგეი რიაბკოვი - ვიმედოვნებთ, რომ სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი კონტაქტი შედგება და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ პიარისთვის, რითიც წარმატებით არიან დაკავებული ბევრ დედაქალაქში

რუსული მხარე იმედოვნებს, რომ სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი კონტაქტი შედგება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა.

„პოზიცია, რომელიც შევიმუშავეთ, ცნობილია და საჯაროდ გახმოვანებულია. ჩვენი წარმომადგენლები ემზადებიან ამ კონტაქტისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტი შედგება და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ პიარისთვის, რითიც წარმატებით არიან დაკავებული ბევრ დედაქალაქში“ , – განაცხადა რიაბკოვმა.

გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში, 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირადად დაელოდება ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს. ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე სწორედ პუტინთან უნდა შეთანხმდეს, რადგან ამას მხოლოდ ის წყვეტს.