სერგეი რიაბკოვი - ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას უწყობენ ხელს
სერგეი რიაბკოვი - ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას უწყობენ ხელს

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, შეაჩეროს ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების გაგზავნის გეგმა და შეწყვიტოს ირანის პროვოკაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ფეთქებად რეგიონში დაძაბულობას უწყობენ ხელს.

„ვხედავთ ირანის წინააღმდეგ პროვოკაციული გზით აშშ-ის პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის მცდელობას. ეს ქმედებები ომის პროვოცირების შეგნებულ კურსად შეიძლება შეფასდეს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რიაბკოვმა ასევე თქვა, რომ თუ აშშ-ს ომი არ სურს, მან ეს უნდა აჩვენოს. 17 ივნისს აშშ-ის თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა, პატრიქ შენაჰანმა თქვა, რომ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავს.