სერგეი რიაბკოვი – აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების რეალური სიტუაცია, რომელშიც ვითარება კიევისთვის არახელსაყრელად იცვლება
აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების რეალური სიტუაცია, რომელშიც ვითარება კიევისთვის არახელსაყრელად იცვლება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვში ვიზიტის შესახებ განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ალასკაში ანკორიჯის სამიტის დროს შეხვედრამ ბევრი კითხვა გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ამერიკული მხარე მზად მოლაპარაკებებისთვის.
„მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენად მზად არის აშშ-ის ადმინისტრაცია არსებული კრიზისის რეალური გადაწყვეტის მოსაძებნად ინვესტიცია ჩადოს. არა მხოლოდ ძირეული მიზეზების გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, არამედ იმ ვითარების, რომელიც მუდმივად იცვლება. ფაქტია, რომ ანკორიჯის სამიტის დროს და მის შემდეგ განვითარებულმა ვითარებამ ბევრი კითხვა გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ამერიკული მხარე მზად დაიცვას გონივრული ჩარჩო და არ დაემორჩილოს ზეწოლას, მათ შორის, შეთანხმების მოწინააღმდეგეების მიერ მანიპულირებას. ეს საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მორიგი ძალისხმევის ფარგლებში მოსკოვსა და კიევში ჩავლენ. გავრცელებული ცნობით, ამერიკელ მაღალჩინოსნებს კრემლში 5 სექტმებრს ელოდებიან, კუშნერი და უიტკოფი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. ხვალ, 6 სექტემბერს კი უკვე უკრაინაში გაემგზავრებიან, სადაც მედიაციის პროცესის ფარგლებში პირველად ჩადიან.