სერგეი რებროვი - რა თქმა უნდა, ხელში იარაღს დავიჭერ და ვიბრძოლებ, რადგან პუტინთან კომპრომისი დაუშვებელია #1TVSPORT
სერგეი რებროვი - რა თქმა უნდა, ხელში იარაღს დავიჭერ და ვიბრძოლებ, რადგან პუტინთან კომპრომისი დაუშვებელია #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი სერგეი რებროვი უკრაინული სპორტის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელია, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლას აპირებს.

რებროვმა, რომელიც ამჟამად დუბაიში კლუბ „ალ-აინის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობს და სულ ცოტა უკლია არაბეთის გაერთიანებული საამიროების პროფესიული ლიგის ტიტულის მოგებამდე, განაცხადა, რომ დაბრუნდება უკრაინაში, რათა საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძოლოს.

„ტოტენჰემის“ ყოფილ ფეხბურთელს მხოლოდ სამი მატჩი რჩება საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად. ამის შემდეგ კი, როგორც რებროვი ამბობს, ის ქუჩაში იარაღით გავა, რათა რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ბედი გადაწყვიტოს.

„მე ველაპარაკე პოლონეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის მედიას, ახლა თქვენ გაძლევთ ინტერვიუს. მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რაც ხდება უკრაინაში“, – ამბობს რებროვი ირლანდიურ გაზეთ „ინდეპენდენტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„დღეს მე არ შემიძლია ფეხბურთზე ლაპარაკი. არც კი ვფიქრობ ფეხბურთზე და მხოლოდ ჩემი ქვეყანა მაინტერესებს. ვამაყობ ჩემი ხალხით, ჯარისკაცებით, რომლებიც უკრაინის გადარჩენას ცდილობენ. ჩვენ სწორ მხარეს ვდგავართ და ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის“, – ამბობს ის.

რებროვმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ დაბრუნდება სამშობლოში, რათა თანამემამულეებთან ერთად იბრძოლოს რუსების წინააღმდეგ.

„მე აქ სამუშაო მაქვს, მაგრამ, როგორც კი სეზონი დასრულდება, შინ დავბრუნდები, ჩემს ხალხთან. როგორც კი საშუალება მომეცემა, მაშინვე სამშობლოში ჩავალ.

მე ვიბრძოლებ. ყველანი ქუჩაში არიან გასულნი, ჩვენ ერთიანი ვართ ამ ბრძოლაში. მსოფლიო სვამს კითხვას – როგორ შეძლებენ უკრაინელები საკუთარი ქვეყნის დაცვას? ქუჩაში გასვლითა და ბრძოლით შევძლებთ ამას. ვიცით რა უნდა გავაკეთოთ“.

კითხვაზე – შეიარაღდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ, რებროვი პასუხობს: „რა თქმა უნდა, ხელში იარაღს დავიჭერ.

ჩვენ გადავრჩებით, ჩვენ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. მე ვერ ვხედავ კომპრომისს. პუტინთან კომპრომისი არ შეიძლება. მას კიევის დაპყრობა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია სურს.

მე არ ვარ დაინტერესებული კომპრომისში, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ხალხისთვის და ბოლომდე ვიდგებით. საკუთარი ბედის გადაწყვეტა თავად გვსურს და არავის მივცემთ უფლებას მართოს ჩვენი ქვეყანა ან მიგვითითოს – რა ვაკეთოთ მომავალში.

პუტინს შეუძლია რაც სურს, ის ილაპარაკოს, მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა და უკრაინელები გადაწყვეტენ, როგორ მოუარონ საკუთარ ქვეყანას“, – ამ სიტყვებით ასრულებს ინტერვიუს რებროვი.