რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
„საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა გაცვალეს მოსაზრებები სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგების შესახებ. მარკო რუბიო მიესალმა შეთანხმებებს სამხედრო ტყვეების გაცვლასა და თითოეული მხარის მიერ საკუთარი ხედვის მომზადებას იმ პირობების შესახებ, რაც აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მზადყოფნას, კვლავ შეუწყოს ხელი სიტუაციის მოგვარების გზების ძიებას.
„თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა აშშ-ის დადებითი როლი, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ კიევმა საბოლოოდ მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება სტამბოლის მოლაპარაკებების განახლების შესახებ. ლავროვმა დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, განაგრძოს ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობა ამ კონტექსტში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილეს სხვა საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები, გაცვალეს მოსაზრებები რუსეთ-ამერიკის კონტაქტების გაგრძელების შესახებ.