სერგეი ლავროვმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხი შუქის ჩაქრობის გამო ვერ დაასრულა [ვიდეო]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხი შუქის ჩაქრობის გამო ვერ დაასრულა. ინციდენტი მოსკოვში, მოხალისეთა საერთაშორისო ფორუმზე მოხდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა სიტყვით.

სერგეი ლავროვისთვის დასმული შეკითხვის ფორმულირება ასეთი იყო: „ჩვენ ხშირად ვიწვევთ მოხალისეებს საქართველოდან. მათ ვიზებთან დაკავშირებული შეკითხვები გასჩენიათ. არსებობს თუ არა საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროგნოზები?“.

აღნიშნულ კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოკლედ უპასუხა.

„არსებობს არამხოლოდ პროგნოზები, არამედ რეალური ფაქტებიც. უკვე რამდენიმე წელია, რაც აღდგა ავიამიმოსვლა თბილისს, ქუთაისს, მოსკოვს, სანქტ პეტერბურგს, ეკატერინბურგს შორის…“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა, თუმცა კითხვაზე პასუხის დასრულება ვერ მოახერხა. მას ჯერ მიკროფონი გაეთიშა, შემდეგ კი დარბაზში შუქი ჩაქრა, რის გამოც მინისტრმა სცენა დატოვა.