სერგეი ლავროვმა და პავლო კლიმკინმა პირველი ორმხრივი შეხვედრა გამართეს
სერგეი ლავროვმა და პავლო კლიმკინმა პირველი ორმხრივი შეხვედრა გამართეს

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – სერგეი ლავროვმა და პავლო კლიმკინმა ვენაში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი შეხვედრაა.

მანამდე უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მხოლოდ ნორმანდიულ ფორმატში, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით ხვდებოდნენ ერთმანეთს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრმა „ტვიტერში“ დაწერა, შეხვედრაზე განიხილებოდა ტყვეების გაცვლის საკითხი. პავლო კლიმკინმა იმედი გამოთქვა, რომ ტყვეების გაცვლა უახლოეს კვირებში მოხდება.

რუსეთში ტერორისტული საქმიანობისა და ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე უკრაინელია დაპატიმრებული, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი და ჟურნალისტი რომან სუშენკო.

საგარეო მინისტრების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ითხოვა, რაზეც რუსეთი დაუყოვნებლივ დათანხმდა.

ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა თვითგამოცხადბეული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების ლიდერებთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა და მათთან ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილა.

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ვენაში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მონაწილეობდნენ.