სერგეი ლავროვმა და ჯონ ბოლტონმა კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს
სერგეი ლავროვმა და ჯონ ბოლტონმა კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯონ ბოლტონმა მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ჯონ ბოლტონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კავკასიის გარდა, ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე სირიისა და ჩინეთის საკითხები განიხილებოდა.

„აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვში თავისი პირველი სამუშაო დღე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრით დაასრულა. შეხვედრაზე განიხილებოდა სიტუაცია სირიაში, კავკასიაში, ჩინეთში და ორმხრივი ურთიერთობების სხვა ასპექტები“, – ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯონ ბოლტონსა და სერგეი ლავროვს შორის მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის სირიასა და ავღანეთთან დაკავშირებით, უკრაინასა და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებაზე.

ასევე, სამინისტროს ცნობით, განიხილებოდა აშშ-ისა და რუსეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და სტრატეგიული სტაბილურობის მხარდაჭერის ინტერესებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილია ჯონ ბოლტონი საქართველოში ვიზიტიც.