სერგეი ლავროვი - ყველა სპეკულაცია აშშ-ის შიდა პროცესებში ჩვენს ჩარევასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა
სერგეი ლავროვი - ყველა სპეკულაცია აშშ-ის შიდა პროცესებში ჩვენს ჩარევასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა

რუსული მხარე გამოდის ინიციატივით, აშშ-სა და რუსეთს შორის ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება წერილობით გაფორმდეს.

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სერგეი ლავროვის შეფასებით, მოლაპარაკებები იყო გულწრფელი და საქმიანი.

„საიდუმლო არ არის, რომ გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და გულუბრყვილობა იქნება, რომ შეთანხმების მიღწევა ერთბაშად შესაძლებელი იყოს“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დიპლომატიის არსი სწორედ ისეთი გადაწყვეტილებების მოძებნაა, რომელიც პრინციპული ინტერესების დაცვასთან ერთად, კონფლიქტების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

როგორც რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, საუბრის მთავარი თემა სტრატეგიული სტაბილურობა გახდა. მისი თქმით, რუსეთი ასევე მზად არის, პრეზიდენტების დონეზე ხელი მოაწეროს ბირთვული ომის გაჩაღების დაუშვებლობის ერთობლივ განცხადებას.

„სიტუაციას, როდესაც ორ ბირთვულ სახელმწიფო შორის გროვდება უთანხმოება, მისაღებს ვერ ვუწოდებთ. ეს არ არის სასარგებლო არც ჩვენი ქვეყნებისთვის არც მსოფლიო თანამეგობრობისთვის, ქმნის დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო არენაზე და მსოფლიოში, ამიტომ დიალოგს გავაგრძელებთ. ამაზე ორმხრივი მზადყოფნა გვაქვს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობას ხელს უშლის რუსეთის მიმართ ეჭვების ტალღა, რომელმაც ვაშინგტონი მოიცვა.

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ყველა სპეკულაცია აშშ-ის შიდა პროცესებში ჩვენს ჩარევასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გვინახავს, ისინი არ წარმოგვიდგინეს, ალბათ იმიტომ, რომ ისინი არ არსებობს“, – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ნორმანდიული სამიტის შედეგების შესახებ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე მიღებული დოკუმენტი ადასტურებს მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა ამერიკელი კოლეგა, მაიკ პომპეო რუსეთში დაპატიჟა.

მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვი მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპთან გამართავს.

დატოვე კომენტარი