სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი მზადაა, დონალდ ტრამპს შეხვდეს
სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი მზადაა, დონალდ ტრამპს შეხვდეს

ვლადიმერ პუტინი მზადაა, დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა სავარაუდოდ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, ვიეტნამში შედგება.

„ჩვენ ვისმენთ დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. ამ დროისთვის პროტოკოლის სამსახურები ლიდერების გრაფიკს აზუსტებენ. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

ლავროვის თქმით, სავარაუდოდ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან მისი შეხვედრაც ამავე სამიტის ფარგლებში გაიმართება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის გეგმავს, ტილერსონთან ერთად, ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილოს, ასევე, კორეის ნახევარკუნძულის, სირიის, ერაყისა და უკრაინის საკითხებიც.

მანამდე Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვს შეუძლია, სერიოზული როლი ითამაშოს ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერებაში.