სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ანგელა მერკელის ინიციატივას, ქერჩის სრუტეში მონიტორინგისთვის გერმანელი ექსპერტები დაუშვას
სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ანგელა მერკელის ინიციატივას, ქერჩის სრუტეში მონიტორინგისთვის გერმანელი ექსპერტები დაუშვას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივას, ქერჩის სრუტეში ვითარების მონიტორინგისთვის გერმანელი ექსპერტები დაუშვას.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გერმანელ კოლეგა ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პუტინი გერმანიის ამ შეთავაზებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დათანხმდა, მოგვიანებით კი კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, ქერჩის სრუტეში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, ფრანგებიც დაეშვა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი ასევე დათანხმდა. თუმცა, ლავროვის თქმით, ადგილზე ამ დრომდე არავინ ჩასულა.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაასმა აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის პროცესში გერმანიისა და საფრანგეთის ჩართვის ინიციატივა მხოლოდ პარასკევს, მოსკოვში ვიზიტისას წარუდგინა. გავრცელებული ცნობით, ჰაიკო მაასმა რუსულ მხარეს ქერჩის სრუტესთან დაკავშირებით შემუშავებული გეგმა გადასცა. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შეთავაზება უნდა შეისწავლოს, თუმცა აღნიშნა, რომ თუ შეთავაზებული იდეა პოლიტიკურ პროცედურაში უკრაინის მხარის ჩართულობას მოიცავს, რუსეთი ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს.

რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს. რუსეთის სასამართლომ დაკავებულებს 2019 წლის 25 იანვრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.