სერგეი ლავროვი ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება
სერგეი ლავროვი ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელელ კოლეგას შეხვდება. სერგეი ლავროვი ხორხე არეასას 5 მაისს მოსკოვში უმასპინძლებს.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია ისიც, რომ მომდევნო კვირას, ფინეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა გაიმართება.

სერგეი ლავროვსა და მაიკ პომპეოს პირისპირ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ვენესუელა იქნება.

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, ხორხე არეასა „შავ სიაში” ნიკოლას მადუროს მხარდაჭერისა და ვენესუელელი ხალხის მიერ დემოკრატიისკენ სწრაფვაში ხელის შეშლისთვის შევიდა. ხორხე არეასა ლათინური ამერიკის ქვეყნის ყოფილი ლიდერის, უგო ჩავესის ახლო ნათესავია და ის ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის შემდეგ იკავებს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ არეასა ნიკოლას მადუროს რეჟიმის მნიშვნელოვანი ფიგურაა.