სერგეი ლავროვი უარყოფს გერმანიის ხელისუფლების განცხადებას ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში რუსეთის არასათანადო დახმარებასთან დაკავშირებით
სერგეი ლავროვი უარყოფს გერმანიის ხელისუფლების განცხადებას ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში რუსეთის არასათანადო დახმარებასთან დაკავშირებით

სერგეი ლავროვი გერმანიის ხელისუფლების განცხადებას, ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში რუსეთის არასათანადო დახმარებასთან დაკავშირებით უარყოფს. ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

როგორც სერგეი ლავროვი აღნიშნავს, გერმანიის ხელისუფლების ეს ბრალდება სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით რუსეთისა და გერმანიის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტი 2019 წლის აგვისტომდე სრულდებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფაქტი, რომ ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ოფიციალურმა ბერლინმა მკვლელობაზე დიდი ხნით ადრე იცოდა. რუსეთის სპეცსამსახურებს კი მისი გადმოცემის საკითხი დღის წესრიგში ჰქონდათ დაყენებული, თუმცა გერმანიის ხელისუფლებამ მაშინ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამის მიუხედავად მოსკოვი მზად არის, გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დახმარება გაუწიონ. სერგეი ლავროვის მოსაზრებით, ზელიმხან ხანგოშვილს მისი წარსულიდან გამომდინარე, უამრავი მტერი ეყოლებოდა.

რაც შეეხება ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მომხდარ დიპლომატიურ უთანხმოებას, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იყო სარკისებური ზომები მიეღო.

ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მას ორჯერ ესროლეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის დაკავება მალევე შეძლო. ის 49 წლის რუსეთის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურმა ბერლინმა გერმანიაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რის შემდეგაც მოსკოვმა ქვეყნიდან ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა.