სერგეი ლავროვი - უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ბერლინს, პარიზს, ბრიუსელს, და განსაკუთრებით ლონდონს, უკრაინაში მშვიდობა არ სურთ
უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ არც ბერლინს, არც პარიზს, არც ბრიუსელს, და განსაკუთრებით ლონდონს, უკრაინაში მშვიდობა არ სურთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვისთვის არსებული ინფორმაციით, ამჟამად ევროპის ქვეყნებს შორის მიმდინარეობს საუბარი, რომ არ შეიძლება ევროპის მობილიზაციის შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ და ამ კუთხით უკრაინა უფასო ინსტრუმენტია.
ლავროვის განაცხადებით, დასავლეთის ქვეყნები არ მალავენ იმ ფაქტს, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია კიევის სამხედრო მოქმედებების გაგრძელების მოსამზადებლად. სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების მიღწევა ბრძოლის ველზე, რადგან მათ არ მოსწონთ რუსეთის დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა.
„ახლა მათი შეხედულებები ევროპასა და აშშ-ში განსხვავებულია. ტრამპის ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, სურს, რომ ამერიკა მხოლოდ დიდებული და მხოლოდ პირველი იყოს, ნებისმიერი ადმინისტრაცია ასეთ პოზიციას დაუჭერს მხარს. თუმცა ამჟამინდელი ადმინისტრაცია, სულ მცირე, ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა, სადაც რა წინააღმდეგობებიც არ უნდა არსებობდეს, პოლიტიკოსები და დიპლომატები კიდევ უფრო მეტად ვალდებულნი არიან, ისაუბრონ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცივი ომის დროს, სრულიად შეურიგებელი წინააღმდეგობების არსებობის შემთხვევაშიც კი სსრკ-სა და აშშ-ს შორის დიალოგი ყოველთვის მიმდინარეობდა, მაგრამ ჯო ბაიდენმა უბრალოდ შეწყვიტა და შემდეგ მთელი ევროპაც მორჩილად მიჰყვა.