სერგეი ლავროვი - სომხურ მხარეს ესმის, რომ საჭიროა, დაარწმუნოს მთიანი ყარაბაღის სომხები, რაც შეიძლება მალე შეხვდნენ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს, რათა შეთანხმდნენ უფლებებზე
სერგეი ლავროვი - სომხურ მხარეს ესმის, რომ საჭიროა, დაარწმუნოს მთიანი ყარაბაღის სომხები, რაც შეიძლება მალე შეხვდნენ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს, რათა შეთანხმდნენ უფლებებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთს ესმის, რომ აუცილებელია მთიანი ყარაბაღის სომხების დარწმუნება, რაც შეიძლება მალე შეხვდნენ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს. ამის შესახებ ლავროვმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„სომხურ მხარეს ესმის, რომ საჭიროა, დაარწმუნოს მთიანი ყარაბაღის სომხები, რაც შეიძლება მალე შეხვდნენ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს, რათა შეთანხმდნენ უფლებებზე, შესაბამისი კანონმდებლობიდან და საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფის მრავალი კონვენციის ჩათვლით“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბაქო და ერევანი მზად არიან, უზრუნველყონ თავიანთ ტერიტორიებზე ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის გარანტიები.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მიესალმება გარკვეული ქვეყნების სურვილს, დაეხმარონ სომხეთს და აზერბაიჯანს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიებაში, თუმცა აცხადებს, რომ გარედან ხელოვნური შეთანხმებები არ უნდა დაწესდეს.

„არ უნდა მოხდეს გარკვეული შეთანხმებების ხელოვნურად დაწესების მცდელობა, არა სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მედიის ლამაზი სათაურებისთვის, გეოპოლიტიკური და საშინაო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.