სერგეი ლავროვი - სკრიპალები ნივთიერება BZ-ით მოწამლეს
სერგეი ლავროვი - სკრიპალები ნივთიერება BZ-ით მოწამლეს

სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება BZ-ით მოწამლეს – ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შვეიცარიული ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებს. სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვმა კვლევის შედეგები კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიიღო.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ანალიზი ჩაუტარდა სოლსბერიში, ინციდენტის ადგილზე შეგროვებულ ბიოლოგიურ მასალებს, რომელიც შვეიცარიის გარდა, კიდევ რამდენიმე ლაბორატორიაში შემოწმდა.

ლავროვის თქმით, შვეიცარიული კვლევითი ცენტრის შედეგებით, გამოყენებული იყო მეორე კატეგორიის ქიმიური იარაღი, მომწამლავი ნივთიერება BZ, რომელიც ძირითადად აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისთვის იყო ცნობილი და რუსეთში ან საბჭოთა კავშირში არ იწარმოებოდა. მისი მოქმედება მიღებიდან 30-60 წუთში იწყება და მოქმედების ეფექტი ოთხ დღემდე გრძელდება. სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ სკრიპალების კლინიკური სურათი BZ-ით მოწამვლის ფორმას შეესაბამება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კითხვით მიმართავს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რატომ გამოტოვეს, ანგარიშში შვეიცარიული კვლევითი ცენტრის ლაბორატორიული შედეგები.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სკრიპალებზე თავდასხმა მაღალი ხარისხის ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებით მოხდა. მას არ ჰქონდა მინარევები. თუმცა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნივთიერების დასახელება და შემადგენლობა ორგანიზაციის გასაიდუმლოებულ მასალებშია დაცული, რომელთან წვდომაც მხოლოდ ამავე ორგანიზაციის წევრებს აქვთ.

დიდი ბრიტანეთის მტკიცებით, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსული წარმოშობის შხამით, „ნოვიჩოკით” მოწამლეს.