სერგეი ლავროვი - საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნეა
სერგეი ლავროვი - საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნეა

საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ნებისმიერი იარაღი, ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინის ტერიტორიაზე არის ლეგიტიმური სამიზნე, რადგან ეს იარაღი გადაეცემა რეჟიმს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებს”, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვმა იცის მარშრუტები, რომლებითაც უკრაინულ მხარეს იარაღი მიეწოდება.

„როგორც კი, ეს იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე აღწევს, ჩვენი სპეცოპერაციის სამიზნე ხდება“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის 9 მაისამდე დასრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სააგენტო „ალ არაბიას“ კითხვაზე ლავროვმა უპასუხა, რომ „სპეციალური ოპერაცია“ დასრულდება მაშინვე, როგორც კი მისი მიზნები „მიიღწევა და რეალიზდება“.

ლავროვმა აქვე დაამატა, რომ რუსეთს სანქციები არ აიძულებს „დახმარება და პატიება ითხოვოს“.

გარდა ამისა, რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, კიევის არათანმიმდევრული პოზიციის გამო შეჩერდა.

„ისინი თუ პატიოსანი მომლაპარაკებლები იყვნენ, თუ ისინი უერთგულებდნენ იმას, რაზეც ეტაპობრივად შეთანხმდნენ, ჩვენ შეგვეძლო, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ამ მოლაპარაკებებში“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, მიიღოს გარანტიები სახელმწიფოთა ჯგუფისგან, რომლებიც შედიან გაერო-ს უშიშროების საბჭოში, გერმანია, თურქეთი.

„ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მთვარია, გავიგოთ, რამდენად თანმიმდევრული არიან, მით უმეტეს, რომელ ტერიტორიებს მოიცავს ეს გარანტიები. რა თქმა უნდა, როგორც გესმით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთს არ შეიძლება შეეხოს, რადგან ჩვენ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ვაღიარეთ და თავდაპირველად ამაზე შეთანხმდნენ სტამბოლის მოლაპარაკებებზე, მაგრამ შემდეგ თვალსაზრისი შეცვალეს“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

გარდა ამისა, ლავროვის თქმით, მოლდოვას ნატო-ში შეყვანის მცდელობა უნდა აწუხებდეს.

„მათ საკუთარ მომავალზე უნდა იზრუნონ, რადგან ნატო-ში უნდათ შეყვანა და არ მგონია, რომ ეს მოლდოვას უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“, – დაამატა ლავროვმა.