სერგეი ლავროვი - რუსეთს არ სურდა დასავლეთის ქვეყნებთან ჩხუბი, მაგრამ ახლა ისინი ცდილობენ, გაანადგურონ მოსკოვის კავშირები დსთ-ის ქვეყნებთან
სერგეი ლავროვი - რუსეთს არ სურდა დასავლეთის ქვეყნებთან ჩხუბი, მაგრამ ახლა ისინი ცდილობენ, გაანადგურონ მოსკოვის კავშირები დსთ-ის ქვეყნებთან

რუსეთს არ სურდა დასავლეთის ქვეყნებთან ჩხუბი, მაგრამ ახლა ისინი ცდილობენ, გაანადგურონ მოსკოვის კავშირები დსთ-ის ქვეყნებთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტირუსული ენერგია კონცენტრირებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ლავროვის განცხადებით, დასავლური ინსტიტუტები და არასამთავრობო სტრუქტურები ცდილობენ, შეაღწიონ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებსა და სენსიტიურ სფეროებში, როგორებიცაა სამართალდამცავი სტრუქტურები და საზღვრის უსაფრთხოება.

„ჩვენ გვესმის, რომ მათ არ უნდათ დასავლეთის ქვეყნებთან ჩხუბი, ჩვენ ასევე არ გვინდოდა ჩხუბი, მას ომი რომ არ დაეწყო ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ვხედავთ, რამდენად სერიოზულად ეკიდება დასავლეთი ჩვენი კავშირების განადგურების ამოცანას, რომელიც გვაერთიანებდა ათწლეულების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაშიც კი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლები „დარბიან მთელ მსოფლიოში“ და აშინებენ ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის გამო. ლავროვის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევაზე დამყარებული იმედების დაშლის შემდეგ, ვაშინგტონმა შეწყვიტა საუბარი რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე ბრძოლის ველზე და ახლა საუბრობენ, რომ რუსეთმა ომში არ უნდა გაიმარჯვოს, რადგან შემდეგ ნატო-ს დაესხმება თავს.