სერგეი ლავროვი - რუსეთისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესები სრულად ვერასდროს დაემთხვევა, თუმცა იქ, სადაც დაემთხვევა, მხარეებმა სარგებელი უნდა მიიღონ
სერგეი ლავროვი - რუსეთისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესები სრულად ვერასდროს დაემთხვევა, თუმცა იქ, სადაც დაემთხვევა, მხარეებმა სარგებელი უნდა მიიღონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესები სრულად ვერასდროს დაემთხვევა, თუმცა იქ, სადაც თანხვედრა იქნება, მხარეებმა სარგებელი უნდა მიიღონ. ამის შესახებ ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას განაცხადა.

„ეროვნული ინტერესები ვერასდროს დაემთხვევა სრულად, უმეტესწილად ისინი განსხვავდება თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ცალკეულ მიმართულებებში, მაგრამ იქ, სადაც ისინი ემთხვევა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამისგან მაქსიმალური ორმხრივი სარგებელი მივიღოთ“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერ-რიადში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის შედეგებზეც ისაუბრა.

„ჩვენს საპარლამენტო კოლეგებთან ერთად მსოფლიო საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას ალტერნატივა არ აქვს. ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილს პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა 12 თებერვალს პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას. გუშინ სწორედ ამ თემას დავუთმეთ განსაკუთრებული ყურადღება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, სერგეი ლავროვის განცხადებით, საუდის არაბეთში გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ ყველა მიმართულებით იწყება სვლა აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ.

„არა მხოლოდ უკრაინის კრიზისის გადაჭრის, არამედ არსებობს რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ სფეროში პარტნიორობის აღდგენისა და გაძლიერებისთვის პირობების შექმნის მზადყოფნაც“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.