სერგეი ლავროვი - რუსეთი დაინტერესებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის აქტიური მონაწილეობით
რუსეთი დაინტერესებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის აქტიური მონაწილეობით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ერევანში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სომეხ კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ეხებოდა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.
„წელს სრულდება 30 წელი სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის შექმნიდან, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა და თქვა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს მჭიდრო კონტაქტებს ორი ქვეყნის სამხედროებს, სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციით.
„ჩვენ ამის მყარ საფუძვლად მიგვაჩნია რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის უმაღლეს დონეზე დადებული სამმხრივი შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იყო 2020-2022 წლებში. ჩვენ მივესალმეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებას და მზად ვართ, დავეხმაროთ ყველა საკითხის გადაწყვეტაში, რომლებიც მოითხოვს მოგვარებას ამ დოკუმენტის ხელმოწერისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავე დროს სერგეი ლავროვის ვიზიტის ფონზე ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელიც სომხეთის ევროპულმა პარტიამ წამოიწყო. აქციის მონაწილეები სერგეი ლავროვის ვიზიტის წინააღმდეგ გამოდიან. მომიტინგეებს ხელში უჭირავთ სომხეთისა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის გამოსახულებებით, რომლებზეც წერია: „მკვლელები“. სომხეთის საგარეო უწყებასთან მობილიზებულია დამატებითი საპოლიციო ძალები.