სერგეი ლავროვი - რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“ და აღარ ადევნებს თვალს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს
რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“ და აღარ ადევნებს თვალს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს სჯერა არა განცხადებების, არამედ ფაქტების, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება უკრაინის ხელისუფლებას.
„შეუძლებელია, გამოიცნო, რაზე მიუთითებს ზელენსკის საჯარო აღიარება დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ. ეს ფიგურა მუდმივად რაღაცას აცხადებს. მართალი გითხრათ, ჩვენ შევწყვიტეთ თვალყურის დევნება. არაერთხელ ავხსენი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას „მშვიდობის სამიტში“, თუნდაც მიწვევა მივიღოთ. კიევს ჯერ არ გაუუქმებია 1991 წლის საზღვრებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ამ საზღვრებს გარეთ რუსული ჯარების გაყვანის ამოცანა. ეს ამოცანა ჩანს ვოლოდიმირ ზელენსკის ფორმულაში. მათ სურთ, რუსეთი მოიწვიონ მასში, როგორც ჩვენ გვესმის, რომ რაღაც ულტიმატუმი წარმოგვიდგინონ”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.