სერგეი ლავროვი – რუსეთი არ აპირებს ევროპელებთან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში რაიმე ხელშეკრულების ან შეთანხმების გაფორმებას

17:18, 16.09.2026

რუსეთი არ აპირებს ევროპელებთან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში რაიმე ხელშეკრულების ან შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„იმ სფეროებში, რომლებზეც სახელმწიფოს უსაფრთხოებაა დამოკიდებული, ევროპელებთან არანაირ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას არ გავაფორმებთ და არც ვაპირებთ გაფორმებას“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით,  რუსეთთან ურთიერთობები თავად ევროპამ გაწყვიტა.

„ჩვენ ახლა სრულად ვართ უზრუნველყოფილი როგორც ბაზრებით, ისე პარტნიორებით და მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომისა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველაფერი მაქსიმალურად მისაღები და პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ევროპული ქვეყანა სერიოზული დიალოგის განახლებას მოისურვებს, რუსეთი პირველ რიგში მოისმენს, რისი შეთავაზება შეუძლიათ მათ, რის შემდეგაც გადაწყვეტს, მისაღებია თუ არა ეს რუსეთისთვის.

„მაგრამ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებისა და 1990-იან წლების მსგავსად, დაბრუნება მკლავებში აღარ მოხდება“, – თქვა ლავროვმა.

მსგავსი